Sunday, March 21

...
მე ახლა მივხვდი
საიდან მოდის
წვიმა, რომელსაც სიმღერა ჰქვია.

მე ახლა ვიცი,
რატომ და როდის,
როგორ აჯენენ ტყვიაში ტყვიას.

მე ახლა ვატყობ,
რად დამჭრეს ფრთები,
რად გაატანეს ჩემი ხმა ნიავს.

მე ახლა... მაგრამ
მე უკვე ვთვრები
და გული ჩემი შენს ფერხთით გდია.

1974 წ.


საივერიო

გზა უკვდავების გზაა ჯვარცმულის,
ისევ მაცხოვრის მკლავს სატკივარი, -
საიდან მოდის ეს სიყვარული,
ან მე რომ მისმენს ნეტა ვინ არის?!

ისევ ვლოცულობ ქართულ ხატებზე,
ანგელოსები ისევ მღერიან,
მუხლზე ვეცემი და შენ გავედრებ,
დედაო ღვთისავ, ჩემს ივერიას!

ჩემთვის გაიხსნა, ცა რომ გაიხსნა,
მწიფს ვენახივით სიტყვა ქართული,
და ხელთ მიპყრია ჯვარი ვაზისა,
ვითარც იმედი და სასწაული!

რაც იყო და რაც არი

ფიქრთან ბევრჯერ დავრჩენილვარ მარტო,

გული გალობს, მაგრამ დარდობს გონება, -

მყინვარწვერის და ზედაზნის პატრონს

არ სჭირდება მთების გამოგონება.

ალგეთურ ცეცხლს ცხელ ცურებზე ვატყობ

კვლავაც დაზრდის ბოკვრებს ფრთიან ლომებად,

ცოტნესა და ქეთევანის პატრონს

არ სჭირდება გმირთა გამოგონება.

ფქვილი ჩვენი არ იქცევა ქატოდ,

ვის რად უნდა ნასხვისარი დიდება, -

„ვეფხისა და მოყმის“ ზვიად პატრონს

სხვათა ენა სესხად არ დასჭირდება.

უნდა ვწეროთ, კიდეც უნდა ვხატოთ,

სული ჩვენი ტკივილს არ ემონება, -

მკლავმოჭრილი დიდოსტატის პატრონს

არ სჭირდება ცრემლის გამოგონება.

ვარსკვლავები ვარსკვლავებთან მივლენ,

ჩვენ გვეყუდვნის რაც იყო და რაც არი, -

ქართვლის დედის მკერდზე მიკრულ შვილებს

სულაც არ სურთ დედად დედინაცვალი.

ცა იხსნება. სხვას არაფერს ვნატრობ.

სიხარული კვლავ წვეთ-წვეთად გროვდება, -

ნაღდზე-ნაღდი მეგობრების პატრონს

არ სჭირდება მტრების გამოგონება.

საქართველოვ, შენს თბილ აკვნებს ვფიცავ,

სიკვდილს შევსვამ შენგან მოწვდილ ჯამიდან, -

დამეყაროს გულზე შენი მიწა

და სხვა ჯილდო შენს ერთგულ ყმას არ მინდა!

No comments:

Post a Comment

დამიკომენტარეთ (sun) ეცადეთ კარგი სიტყვები გაიმეტოთ! :P