Friday, May 22

ვახუშტი კოტეტიშვილი


რატომღც მისი ლექსების კითხვისას დიდ სიამოვნებას განვიცდი.
უბრალო,სადა,საყვარელი!ნაცნობი გრძ
ნობა ჩემთვის...

(ზღვისპირას...)

ზღვისპირას,
სადაც იშლებიან ოლეანდრები,
ზღვისპირას, სადაც აბურძგნულა პატარა პალმა,
დღეს შენი თავი გამახსენა უცნობმა ქალმა
და დღეის შემდეგ კიდევ უფრო მომენატრები...
ზღვისპირას,
სადაც იშლებიან ოლეანდრები,
ჩემი ფიქრივით მოწყენილა პატარა პალმა...

გაგრა
1957.

*******************************************

(ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო...)

ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო
და მომინდა ხეტიალი ქართან,
ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღმა
აშრიალდა შენი კაბის კალთა...

ღამით, რა ვქნა, ოცნებების მეტი,
მაგ ღიმილის გახსენების გარდა;
დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი
მოგონების საჩრდილობლის კართან.

უძილობის თეთრ თოლიებს მისევს
გახსენება მაგ ანთებულ თვალთა
და ფიქრებში გათენდება ისე,
როგორც უცებ ჩამომწყდარი ფარდა.

1957.

............................................................................
ვინ იცის?

ვინ იცის, იქნებ ცხოვრებისგან გაბეზრებული
ყვავები რარიგ შენატრიან დღემოკლე პეპლებს?!
1990


..............................................................................

თქვენ და მე

თქვენ _ ყველაფერი,
მე _ ფერი ყველა.
დამექცეს ჭერი,
თუ გთხოვოთ შველა.

თქვენ _ ქვეყნის ოქრო
და შარა ვრცელი,
მე _ ოკრობოკრო
ბილიკი ძნელი.

მამრი თუ მდედრი _
ნუ მყვედრით ყველა,
მე _ ჩემი ხვედრი _
შვლის ნუკრის შველა...

მე ამ წესს ვიცავ
ღამეც და დღეცა,
რომ ჩემი მიწა
ვაქციო ზეცად.

2004

.....................................................

ნატვრისმაგვარი

მე მინდა რაღაც ახალი
და რაღაც უფრო სხვა...
ცა მინდა უფრო მაღალი
და უფრო ვრცელი _ ზღვა...

ნურც ცა იქნება მაღალი,
ნურც უფრო ვრცელი _ ზღვა,
ოღონდ რაიმე ახალი,
ოღონდ რაიმე სხვა.
1954

*************************************

სიყვარული

შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!
არ გიგრძვნია გულში ტრფობის გაღივება.
სიყვარული მთაში ირმის ძახილია
და ბოლოს კი სევდიანი გაღიმება.

სიყვარული ცრემლებია დაკარგული,
იცი, კარგო, რას ამბობდა საიათნოვა? _
სიყვარული ტალღააო ნაკადულის,
თუ წავიდა, აღარ მოვა.

მე შენ მეტი განა არვინ მყვარებია,
ეს ალვები მეჩვენება გოგონებად,
ეს ლექსები მაშინდელი ქარებია
და ტკბილ-მწარე მოგონება.

შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!..

1952

No comments:

Post a Comment

დამიკომენტარეთ (sun) ეცადეთ კარგი სიტყვები გაიმეტოთ! :P