Friday, May 22

პოეზია უპირველეს ყოვლისა!

საერთოდ ამ ბლოგის შექმნა იმიტომ მინდოდა რომ,მეთქი შიგნით ბევრ რამეს შვინახავთო მერე რომმ დამჭირდეს და ერთიანად ამოვყაროთო ,ამიტომ ჩემი მიზნები განხორციელებას შეუდგები !
............................................................................................................................................................................
იმ სილამაზეს წარსულს
ლ.ასათიანი
მ. მ-ს


ჩემი ბავშვობის სახლთან

ვხვდებოდი ფერმკრთალ ასულს

და შენ მაგონებ ახლა

იმ სილამაზეს წარსულს.


სხვა რამ, შაირის გარდა,

როგორ გაკადრო, აბა?

რარიგ გიხდება და გრთავს

ეს შინდისფერი კაბა!


ხედავ? ზამთარი ქრება,

ყვავილებს გაშლის ნუში;

ყველგან ხალისი… სევდა

მხოლოდ პოეტის გულში.


წუხილს წაიღებს ქნარი

და სტრიქონებად დაქსოვს.

— საღამო იყო წყნარი,

თქვენთან ვიყავი, მახსოვს…

....................................................................
პირამიდებში

იქ, სადაც სდუმან პირამიდები

მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,

იქ, სადაც სდუმან პირამიდები

შენ მომინდები,

შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.

შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,

თვალებ დანაბული,

საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს

და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.

ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში

მზიურებს მაშინ

არაფერი მოგვაგონდება...

პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში

ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება.

სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით

მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;

გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,

დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.
1916

პაოლო იაშვილი.

...................................................................................................

ყივჩაღის პაემანი

«...ერთი მეც გადავუქნიე,
წვერიმც ვუწვდინე მიწასა...»
მუხრანული

ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...

მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..

გიორგი ლეონიძე
.....................................................................................

No comments:

Post a Comment

დამიკომენტარეთ (sun) ეცადეთ კარგი სიტყვები გაიმეტოთ! :P