Friday, June 19

მიხეილ ქვლივიძეს შემოქმედება

გ. ქარუმიძეს

„ის მაინც ბრუნავს!“... ღმერთმა ნუ ქნას, გიორგი ჩემო,
დავცხრეთ, დავწყნარდეთ, და სიცოცხლის დავკარგოთ გემო,
გადავივიწყოთ სიყვარულის ძველი ზღაპარი
და სატრფოს მხრებზე დაფენილი ლომის ფაფარი
არ იყოს ჩვენი შთაგონების თავშესაფარი!..

ღმერთმა გვაშოროს, ღმერთმა ნუ ქნას, ჩემო ძმობილო,
დავცხრეთ, დავწყნარდეთ, აღარ ვიყოთ უკმაყოფილო
საკუთარ ბედით, უბედობით, ნამოღვაწარით,
ყველაფრით - ჩვენში რაც არსებობს, სხვებში რაც არი...
ღვინოს ვსვამდეთ და არ გვათრობდეს ღვინო ალალი,
სათქმელზე უფრო მეტი გვქონდეს დასამალავი,
შეძენის ჟინმა გაგვიქარწყლოს ხარჯვის ხალისი,
საკუთარ სახელს ვამჯობინოთ ყალბი ხარისხი,
ჩვენი სახლები დავამსგავსოთ სოროს ან ბუნაგს
და დავივიწყოთ შეძახილი: „ის მაინც ბრუნავს!“...
ის მაინც ბრუნავს! მაინც ბრუნავს! ბრუნავს, ტიალი!
არ მოგვეშალოს ჩვენც ეს ბრუნვა და ხეტიალი,
მუდმივი ქროლვა, არა მალვა, თავის დანდობა,
არა დარდისგან მოდუნება, - დარდიმანდობა,
და მუდამ, მუდამ სიახლისკენ სწრაფვა ველური,
და ჭირსა შიგან გამაგრება რუსთაველური,
და მტკიცე ქედი, ქედი - ძნელად გასაღუნავი,
და გაჭირვების ჟამს სიცილის შნო და უნარი,
და თუ, ოდესმე, ამ სიცილის დავკარგავთ უნარს, -
სხვამ დაიძახოს ჩვენს მაგივრად: „ის მაინც ბრუნავს!“


ტატოს ვედრება

გამაცოცხლე!
გამაცოცხლე!
გამაცოცხლე!
გამაცოცხლე!
გამაცოცხლე და სიცოცხლით
ხელმეორედ გამაოცე!
გამაოცე,
გამაკვირვე,
განმაცვიფრე,
გამახარე,
გამამრავლე,
გამავრცელე
და ამქვეყნად დამამყარე!..
სანამ პირში სული მედგა
და მწყალობდა მაღლით ღმერთი,
სულ რაღაცას მოველოდი,
სულ რაღაცას ვაპირებდი;
სულ იმედის გუთანს ვები, —
რომ დამეხსნა ჩემი მხარე,
მაგრამ ჩემი ჭირნახულით
ვერ იქნა და ვერ ვიხარე!
და ამიტომ გევედრები:
გამაცოცხლე,
გამაცოცხლე,
გამაცოცხლე და სიცოცხლით
კიდევ ერთხელ გამაოცე!
გამაოცე,
გამამრავლე,
გამაასე-და-ათასე...
ცოცხალს თუ ვერ მომიარე,
მკვდარი მაინც დამაფასე!




ვაპირებ ცხოვრებას

ვაპირებ ცხოვრებას, სანამ ცოცხალი ვარ,

ვაზროვნებ სანამ და მკლავშიაც ღონე მაქვს,
რამდენი ხანია, რამდენი ხანია,
ყოველდღე,
ყოველწამს ვაპირებ ცხოვრებას!

ვაპირებ ცხოვრებას და აღარ დამადგა
საშველი, — თადარიგს თავი ვერ გავართვი,
შაქარყინულივით თითებში ჩამადნა
ბავშვობის სიტკბო და სიმწიფის ლაზათი.

ვეღარ გავიხარე, ვეღარ გავიოცე,
ვერ გავამაისე ხანმოკლე აპრილი,
ვერ გადავაქციე ცხოვრებად — სიცოცხლე
და ცის ქვეშ ვერ ვნახე საჩემო ადგილი!...

ო, ღმერთო! როდემდე,
როდემდე
როდემდე...
გადიან დღენი და მგონია, ვბერდები,
გაუხარებელი ყიჟინით მომდევენ
აუცხადებელი ჩემი იმედები...

და ისევ — ლოდინი, და ისევ — მზადება
და გული ცივდება — ჩამქრალი საკირე...
სიცოცხლე თავდება!
სიცოცხლე თავდება,
მე კი სულ ცხოვრების დაწყებას ვაპირებ!



თემიკო ჩირგაძეს

ნაწვიმარია. მთაწმინდაზე თეთრი ნისლი
წევს.
ჯერ არ გამშრალა ქვაფენილზე სველი ლაქები.
ქუჩაში მიდის მამაჩემი, გოგი ქვლივიძე —
ერთ დროს ცნობილი ინჟინერი და
ქალაქელი.
მას ძველმოდური, გაცრეცილი პალტო
აცვია,
ჭაღარა თავზე ქალაქური „კარტუზი“
ხურავს,
მიდის ქუჩაში მარტოხელა ბერიკაცი და
ჰგავს უცხო სახლში ალალბედად
მოხვედრილ სტუმარს...
მახსოვს, მოსკოვში გამოგზავნილ წერილში მწერდა:
„ვერა გავუგე ვერაფერი ახალ ცხოვრებას,
გადავიღალე ჭიდაობით ავბედით წლებთან
და ვგრძნობ აშკარად დასასრულის მოახლოებას!
თბილისში ვცხოვრობ და ქალაქურ
ადათ-წესს ვნატრობ
და აღარ მესმის — ვინ ვინ არის, ან მე ვინა ვარ...
გუშინ მთელი დღე რუსთაველზე ვიდექი
მარტო
და იცი, ერთმა ნაცნობმაც არ გამოიარა!...
ეტყობა, ჩემი დრო წასულა, არ ვარ საჭირო,
უკანასკნელი, ქალაქს შევრჩი, როგორც მძევალი
და მის ქუჩებში დღეს რომ სადმე ფეხი
გავჭიმო,
კაცი არ იტყვის: „ეს ხომ გოგი ქვლივიძე არი!“
არადა, შვილო, ნუ ჩამითვლი ამ სიტყვებს
კვეხნად, —
დრო იყო, ქალაქს ამშვენებდა ჩემი კაცობა...“
........................
მამაჩემივით, რუსთაველზე მე ვდგავარ ეხლა
და ვუცდი — იქნებ გაიაროს ვინმე ნაცნობმა. აი ამ ლექსზე რა მემართება ვერ გეტყვით :





შენ არ გჭირდება სიტყვით შემკობა,-
ხსოვნაა შენი შემამკობელი...
ასე კარგავენ ომში მეგობარს,
ასე უკვდებათ შვილებ---მშობელი,
ასე ღრმავდება გულში იარა
და თU ამქვეყნად მაინც ვყოვნდები,-
ვცოცხლობ კი არა,
ვცხოვრობ კი არა,
უბრალოდ---სიკვდილს ვუახლოვდები



* * *
მტვერი და წიგნები. საფერფლე - ნიჟარა.
მტვერშია მაგიდა და თეთრი საინიც.
დამტოვეს მარტო და სიტყვამაც მიშარა...
- დარჩით, გევედრებით! ცოტა ხნით მაინც!

დარჩით, ამ სარკმელში მოსჩანს ნარიყალა
და შორი ხეების ზურმუხტის ჯავარი.
თქვენ დაგინახეთ და გულმა გადიყარა
წლობით დაგროვილი სევდა და ჯავრი...

მე ბედის წინაშე ოცნება და ღმერთი
ხელახლა ჯვარს ვაცვი უნიჭო შაირით
და ახლა დამირჩა ცხოვრების დაღმართი,
მივყვები და თვითონ არ ვიცი - საით?

მტვერი და წიგნები. საფერფლე - ნიჟარა.
მტვერშია მაგიდაც და თეთრი საინიც.
დამტოვეს მარტო და სიტყვამაც მიშარა...
დარჩით, გევედრებით! ცოტა ხნით მაინც!

* * *

* * *
მთვარე კომშივით ჰკიდია ტოტზე,
ქალი ჩურჩულებს: ”კარგი, მომეშვი...~
გზა დაჰკარგვია პატარა მოზვერს
და მოწყენილი დგას ორღობეში.

ღამე კი არა - ვერცხლის ბინდია,
დასერილია ცა მავთულებით,
და მთვარის შუქზე, ვხედავ, მიდიან
ორნი -
ალაზნის მიმართულებით...

* * *
ზღვა მიყვარს,როცა კაციშვილი ნაპირზე არ ჩანს,
როცა ცისფერი გოკიათი არავის ართობს,
როცა ზღვა,
მსგავსად მსახიობის,
სხვისთვის არ ხარჯავს
თავის ნიჭს...
როცა ზღვაა მხოლოდ თავისთვის,მარტო
მაშინ მე მესმის,
კარგად მესმის გულის თქმა მისი,
ვიცი,რას ფიქრობს,როცა ტალღებს აბრუნებს მძიმედ,
და მიხარია,
რომ თავისი შფოთავით და რისხვით
ზღვა არ კეკლუცობს,
არa ცდილობს მოხიბლოს ვინმე...
am leqseze ra memarTeba enit ver avRwer

* * *
ეუბნებოდა მოყვასი მოყვასს:
-იყავ მორჩილი, მომთმენი, მშვიდი...
და მორჩილებით მიშვერილ ლოყას
ბეჭედს ასვამდა ხუთივე თითით.

ეუბნებოდა მოყვასს მოყვასი:
-არ მოიცილო პირზე ღიმილი...
და ხუთი თითის კვალი ლოყაზე
ენთო ვარსკვლავის ხუთი ქიმივით!

* * *

სიყვარული

მ.შ.-ს

სულ მენატრები, მაშინაც კი, როცა ვართ ერთად
და ჩემს გარშემო
და ჩემს გვერდით შენა ხარ მარტო...
მუდამ და ყველგან-
ძილშიც,
ცხადშიც,
უშენოდ,
შენთან-
სულ განუწყვეტლივ მენატრები
და შენზე ვდარდობ.
ჩემში ხარ გულის ფეთქვასავით
სულ მენატრები,
ერთი წუთით არა მაქვს მოცლა,
დაგეძებ, როგორც ძაღლი ეძებს
დაკარგულ პატრონს,
და მე არ ვიცი,
რა დავარქვა ამ გრძნობას, როცა
ჩემში ხარ გულის ფეთქვასავით
და მაინც... გნატრობ!




კაფეში

ისინი კაფეში ისხდნენ.
ქალის ხელი ვაჟის ხელს შეეხო და...
- მიყვარხარო, - წამოსცდა ქალს.
ვაჟს სახე ტკივილისაგან დაეღმიჭა.
- რა მოგივიდა?
- არაფერი... მომეჩვენა,
თითქო ვიღაცამ ფეხი დააბიჯა ჩემს საფლავს.



მინაწერი მიშა ქვლივიძის წიგნზე

ის რუსთაველზე იდგა მარტო,
ნაცნობს ელოდა,
მოსული ჩანდა სულ სხვაგვარი საქართველოდან.
ვერავის სცნობდა დაბნეული,
თვალთ აცეცებდა,
აკვირდებოდა გამვლელებს და ნაცნობს ეძებდა.
მაგრამ ამაოდ,
ყველა სახე იყო უგრძნობი.
და იდგა ასე მარტოსული და შეუცნობი.
იდგა მთელი დღე,
ხალხმა მის წინ ფუჭად იდინა...
უცებ მზის სხივმა შიგ თვალებში შეუჭვრიტინა,
იცნეს ერთურთი,
გაიხსენეს ბევრი ამბავი,
რაც მიშას დარჩა უთქმელი და დაუსტამბავი.
მათ არ ესმოდათ უცხო ხალხის მიეთ-მოეთი
და გამზირს დინჯად მოჰყვებოდნენ
მზე და პოეტი.

ვახუშტი კოტეტიშვილი თბილისი, 2002 წ. 2 იანვარი, ბედობის დღე

No comments:

Post a Comment

დამიკომენტარეთ (sun) ეცადეთ კარგი სიტყვები გაიმეტოთ! :P